საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ სცენარებს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, წელს ეკონომიკური ზრდა კვლავ 6 პროცენტზე არის პროგნოზირებული, ხოლო 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით უნდა გაიზარდოს.
„სებ-ის საბაზო სცენარის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში მოცემულ პროგნოზს ეფუძნება, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა სტაბილურია. რუსეთ-უკრაინის ომის გაჭიანურებამ გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენა შეაფერხა. არსებული გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის ფონზე მსოფლიოში სავაჭრო ბრუნვის შეფერხებამ, ასევე, განვითარებული ქვეყნების მიერ რუსეთზე დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა, საწყის ეტაპზე ენერგომატარებლების, სურსათისა და მსგავსი ფართო მოხმარების საქონლის ფასების ზრდა განაპირობა. გლობალურად მაღალ ინფლაციური მოლოდინების მოსათოკად მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა როგორც განვითარებულ, ისე მზარდ და განვითარებად ქვეყნებში. ფინანსური პირობების გამკაცრებისა და ქვეყნებს შორის მიღწეული გარკვეული შეთანხმებების შედეგად, სასურსათო პროდუქციის ფასებზე წნეხი შემცირდა და კლება დაიწყო. მიუხედავად ამისა, ბაზრების გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის შედეგად სამომხმარებლო საქონელზე ფასების შემცირება არაერთგვაროვნად მიმდინარეობს, რაც მონეტარული პოლიტიკის კუთხით განსხვავებულ რეაგირებებს მოითხოვს. შესაბამისად, გლობალური ეკონომიკის აღდგენის ტემპის მიმართ გაურკვევლობა კვლავ ნარჩუნდება.
საბაზო სცენარში, რიგ ქვეყანაში სხვადასხვა საკვები ნედლეულის წარმოების გაფართოების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები პროდუქტების ფასები მცირდება, თუმცა პანდემიამდელ დონესთან შედარებით კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. შავი ზღვის შეთანხმების ჩაშლის შედეგად, თავდაპირველად გაზრდილი მარცვლეულის ფასები უკვე დაღმავალი ტრენდით ხასიათდება. ხოლო მიმდინარე წელს რიგ ქვეყნებში დაფიქსირებული უხვი მოსავლიანობის პირობებში, მომავალში საკვებ ნედლეულზე ფასების უფრო მეტად შემცირებაც არის მოსალოდნელი. ბოლო პერიოდში ენერგომატარებლების ფასებსაც დაღმავალი ტრაექტორია გააჩნია. გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, მოსალოდნელია ენერგომატარებლების ფასების დამატებითი შემცირება. თუმცა OPEC-ის მიერ ნავთობის მოპოვების მასშტაბების შემდგომი შემცირებისა და ახლო აღმოსავლეთში წარმოქმნილი კონფლიქტის ფონზე, ნავთობპროდუქტების ფასების მორიგ ზრდასთან დაკავშირებით რისკები გაზრდილია.
საბაზო სცენარის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის გაჭიანურებამ 2023-2024 წლების გლობალური ეკონომიკური აღდგენის ტემპის პროგნოზები გააუარესა. განსაკუთრებით გაუარესებულია პროგნოზები ევროპის ქვეყნებისთვის, რაც გლობალურად გაზრდილი ინფლაციის ფონზე გამკაცრებული ფინანსური პირობებით არის განპირობებული. მსოფლიოს წამყვანმა ცენტრალურმა ბანკებმა, როგორებიცაა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) და ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB), მონეტარული პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაამკაცრეს, რაც მკვეთრად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებითა და აქტივების შესყიდვის პროგრამების შეწყვეტით გამოიხატა. განვითარებული ქვეყნების მონეტარული და ფისკალური პოლიტიკები, რომლებიც ეკონომიკას პანდემიის დროს უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევდა, ახლა ერთობლივ მოთხოვნას შემცირებისკენ უბიძგებს, რაც ინფლაციური წნეხის შემსუბუქებას ხელს უწყობს. იმის ფონზე, რომ ინფლაციამ გლობალურად უკვე შემცირების ტრაექტორია მიიღო, გლობალური ფინანსური პირობების მნიშვნელოვნად გამკაცრება ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა გამკაცრებულ რეჟიმში შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება. ამასთან, მომავალი წლიდან მოსალოდნელია დამატებითი ფისკალური კონსოლიდაცია პანდემიის პერიოდში დახარჯული ბუფერების შესავსებად. შესაბამისად, მოსალოდნელი ფისკალური კონსოლიდაცია და გამკაცრებული ფინანსური პირობების შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნება ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების მოლოდინებზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.
საბაზო სცენარში, 2023-2024 წლებში საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის აღდგენა არაერთგვაროვნად მიმდინარეობს. მომდევნო წლიდან რუსეთიდან მიგრაციის, ფინანსური შემოდინებებისა და სავაჭრო ნაკადების ნორმალიზების კვალდაკვალ მეზობელი ქვეყნების უმრავლესობაში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება არის მოსალოდნელი. თუმცა საერთაშორისო ბაზარზე აზერბაიჯანის გაზრდილი როლი მის ეკონომიკის მდგრადობას დამატებით შეუწყობს ხელს. შესაბამისად 2024- ში მისი ეკონომიკა სტაბილურად გაიზრდება, თუმცა მიმდინარე წელთან შედარებით ნაკლები ზრდით ხასიათდება. სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობაში მიმდინარე წელს ინფლაცია კვლავ მაღალ ნიშნულზე იყო, თუმცა შემცირების ტრაექტორია შეიძინა. მიუხედავად ამისა, მომდევნო წელსაც აღნიშნულ ქვეყნებში ინფლაცია კვლავ მიზნობრივ დონეზე მაღლა შენარჩუნდება.
გამყარებული ეროვნული ვალუტის შედეგად გაუარესებული კონკურენტუნარიანობისა და რეგიონული რისკების გათვალისწინებით, ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაღრმავება არის მოსალოდნელი. აღნიშნული კი, შემდგომ პერიოდში ფულადი გზავნილების ნაკადების მოსალოდნელი ნორმალიზების გათვალისწინებით, ეროვნულ ვალუტაზე გაუფასურების წნეხს ქმნის. თუმცა 2023-2024 წლებში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ასამაღლებლად განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე, ქვეყანაში ტვირთბრუნვის ზრდა და სატრანზიტო პოტენციალის გაფართოება არის მოსალოდნელი. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის როგორც ეფექტური, ისე აშშ დოლარის მიმართ, მნიშვნელოვანი ცვლილებები საშუალოვადიან პერიოდში არ შეინიშნება საბაზო სცენარის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკური აქტივობის 6 პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი . ეკონომიკური ზრდის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად ქვეყანაში ეკონომიკის პოტენციალის მოსალოდნელზე უფრო სწრაფი აღდგენა გვევლინება, რასაც მიმდინარე პერიოდში საწარმოო ფაქტორების გაზრდილი პროდუქტიულობა და ინვესტიციები ასტიმულირებს. ამასთან, წინა წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის შენელებას საგარეო მოთხოვნის შედარებით შესუსტება განაპირობებს, რაც სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი შეფერხებითა და ლარის გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაუარესებით არის განპირობებული. მომდევნო წლებში კი მიგრაციული ნაკადების მილევისა და მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი ნორმალიზების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა თავისი პოტენციური დონის ფარგლებში გაიზრდება. ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნების კვალდაკვალ უმუშევრობის დონე ეტაპობრივად მცირდება. საბაზო სცენარში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივზე დაბლა ნარჩუნდება, რაშიც დიდი წვლილი საერთაშორისო ბაზარზე ენერგომატარებლებისა და საკვები ნედლეულის ფასების ეტაპობრივ შემცირებას, გაცვლითი კურსის გამყარებასა და გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას მიუძღვის . აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ნელი ტემპით კლებისა, ადგილობრივი ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ძირითადად მომსახურების სექტორში ფასების მატებით არის განპირობებული.
მიმდინარე ეტაპზე იმპორტირებული ინფლაციის ზრდის რისკებიც გამოიკვეთა, რაც რიგ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, გაზრდილი ინფლაციური მოლოდინებით აიხსნება. საგარეო შემოდინებებისა და მიგრაციული ნაკადების მოსალოდნელი ნორმალიზების ფონზე, ინფლაციაზე მოქმედი გამყარებული გაცვლითი კურსისა და ძლიერი მოთხოვნის ეფექტები მიილევა, რაც ინფლაციის მიზნობრივ დონესთან დაახლოებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულის შედეგად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რეჟიმიდან ნელი ტემპით გამოვა და პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ დონეს – მიმდინარე შეფასებით
7 პროცენტს – საშუალოვადიან პერიოდში მცირე ბიჯებით დაუახლოვდება საბაზო სცენარის მიხედვით, 2022 წლის საშუალო დონესთან შედარებით მიმდინარე წელს უძრავი ქონების ლარში გამოხატული ფასები გაიზრდება. გამყარებული ეროვნული ვალუტის ფონზე უძრავი ქონების აშშ დოლარში გამოხატული ფასები უფრო მეტად მატულობს. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად სამშენებლო მასალების თავდაპირველმა გაძვირებამ, შენობა-ნაგებობების თვითღირებულების ზრდაზე გავლენა იქონია. თუმცა გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელებისა და ფინანსური პირობების გამკაცრების ფონზე, სამშენებლო მასალების ფასებში შემცირების დინამიკა გამოიკვეთა. გეოპოლიტიკური ვითარების დასტაბილურების კვალდაკვალ, უძრავ ქონებაზე საგარეო მოთხოვნას შიდა მოთხოვნა ჩაანაცვლებს. ეს კი საშუალოვადიან პერიოდში უძრავი ქონების ფასების ზრდას ნომინალური ეკონომიკური ზრდის პროპორციულს გახდის.
ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის დაბალი დონის გათვალისწინებით რისკის პრემია შემცირებას განაგრძობს. თუმცა იმპორტირებული ინფლაციის მაღალი წილის გათვალისწინებით, საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის გამყარების შედეგად სავაჭრო ნაკადების გაძვირებისა და გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების ფონზე, საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო ფაქტორების მიმართ საყურადღებო რჩება. აქედან გამომდინარე, ქვეყნის სუვერენული რისკის პრემია საპროგნოზო ჰორიზონტზე პანდემიამდე არსებულ ნიშნულს ნელი ტემპით დაუბრუნდება.
საბაზო სცენარის ირგვლივ გაურკვევლობა ნარჩუნდება. კერძოდ, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მსოფლიოს წამყვანი და საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპსა და გამკაცრებული ფინანსური პირობების ხანგრძლივობაზე. აღნიშნული ფაქტორები გლობალური ფინანსური ბაზრების განწყობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს და საქართველოზე საგარეო სექტორიდან მომდინარე წნეხს ზრდის. ქვემოთ მოცემული ალტერნატიული სცენარები ამ გაურკვევლობის პირობებში მოვლენების ალტერნატიული განვითარების შესაძლებლობებს განიხილავს“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის მიმოხილვაში.