საქართველოს ეროვნული პრემიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს ეროვნული პრემიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა.
ეროვნული პრემიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიების პირველი სხდომა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრაზე დამტკიცდა კომისიების 9-კაციანი შემადგენლობები.
ეროვნული პრემიის კომისიას უხელმძღვანელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიას მწერალი როსტომ ჩხეიძე.
საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისთვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში. პრემია გაიცემა ყოველწლიურად, ენიჭება ორ პირს, თითოეულს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ასევე გაიმართა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის სხდომა. პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისთვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
ვაჟა-ფშაველას პრემია გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ, ენიჭება ერთ პირს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.