საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შეხვედრა კულტურისა და ძეგლდა დაცვის მინისტრთან
დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში სეოკ-ის ხელმძღვანელები და აღმასკომის წევრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს შეხვდნენ.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მინისტრს ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, საერთაშორისო ოლიმპიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ასპექტები გააცნო და ისაუბრა სეოკ-ის გეგმებზე, მომავალ მნიშვნელოვან ოლიმპიურ შეჯიბრებებზე, სამთავრობო და საზოგადოებრივი სპორტული ორგანიზაციების ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტებმა და გენერალურმა მდივანმა, ასევე აღმასკომის სხვა წევრებმა სტუმარს გაუზიარეს საკუთარი ხედვა ქართულ სპორტში მიმდინარე პროცესებზე, სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია სპორტული ცხოვრების განვითარებისთვის.
მიხეილ გიორგაძემ ისაუბრა მიმდინარე სამთავრობო სტრუქტურულ ცვლილებებზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში სპორტის სფეროს გაერთიანებაზე და ამასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეორგანიზაციაზე.
მინისტრმა ხაზი გაუსვა სპორტში ოლიმპიური მოძრაობის განსაკუთრებულ როლს და გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტისა და ოლიმპიური სახეობების ფედერაციების ხელმძღვანელებთან, რათა სპორტის განვითარებას ახალი იმპულსი მიეცეს.