ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო" გაიმართება
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო” გაიმართება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის, ტიციანის და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრების შემდეგ საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ იტალიური ხელოვნების შედევრებს ამჯერად რომის მახლობლად მდებარე რომაული ბაროკოს მუზეუმიდან „პალაცო კიჯი ინ არიჩა”.
მათივე ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი შედევრები სრულყოფილად წარმოაჩენს სახვითი ხელოვნების იმ ჟანრებსა და სტილს, რომლებმაც ბაროკოს ესთეტიკა განსაზღვრა და, იმავდროულად ჩამოაყალიბა კათოლიკური ეკლესიის, როგორც ზნეობრივი, ისე სულიერი საკომუნიკაციო სისტემა.
ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის მომცველი ფერწერის გარდა, აქ წარმოდგენილია სახასიათო ნიმუშები იმ ჟანრებისა, რომელთაც აღნიშნული ეპოქის ქტიტორები ანიჭებდნენ უპირატესობას.
პროექტი იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ხორციელდება საქართველოს მთავრობის პროექტ Check-in-Georgia-ს ფარგლებში.
გამოფენა ეროვნულ გალერეაში 11 სექტემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით იქნება.