საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტის შექმნა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადდა, რომლის ინიცირება 10 ივნისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კომიტეტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში შევლენ – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტები.
კანონპროექტით დაკონკრეტებულია, რომ კომიტეტის სხდომას შეიძლება დაესწრონ, ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები ან მოწვეული პირები, თუ აღნიშნული პირების დასწრება აუცილებელია საკითხზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. პროექტით, რეზოლუციის კომიტეტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავმჯდომარეობს, რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობა და მისი საქმიანობის წესი კი, განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.
რაც შეეხება რეზოლუციის კომიტეტის საქმიანობას, ის ამტკიცებს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ რეზოლუციის გეგმებს, იღებს გადაწყვეტილებას კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებასთან, ასევე, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.
ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ რეზოლუციის კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს წელიწადში ერთხელ, ან ეროვნული ბანკის საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში, რეზოლუციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების, განხორციელებული სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და მიმდინარე მდგომარეობის თაობაზე ანგარიშს წარუდგენს.