საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ევრობანკი კერძო სექტორისთვის ლარში დაფინანსებას ზრდის
საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ევრობანკი კერძო სექტორისთვის ლარში დაფინანსებას ზრდის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ლარის ლიკვიდობის ხელშესაწყობად, საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) მხარდაჭერით, ადგილობრივ ვალუტაში კერძო სექტორისთვის დაფინანსებას ზრდის.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ევრობანკმა (EBRD) და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააფორმა სავალუტო სვოპხელშეკრულება აშშ დოლარი/ლარზე, რომლის საშუალებითაც EBRD-ს ექნება საიმედო წვდომა ლარის ლიკვიდურობაზე და შეძლებს განაგრძოს ადგილობრივი ვალუტით სესხის გაცემა კომპანიებისათვის, რომლებიც დროებით სირთულეებს განიცდიან.

მხარეებმა პირველი გარიგება 2020 წლის 24 აპრილს დადეს.

„EBRD და საქართველოს ეროვნული ბანკი COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად ძალისხმევას აერთიანებენ,  სესხები ეროვნულ ვალუტაში ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორისთვის, დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ COVID-19-ის პანდემიის საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლდ, EBRD-მა გაზარდა საქართველოს მხარდაჭერა. აღნიშნული შეთანხმებაც სწორედ ამ მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება.

უწყების განმარტებით, სავალუტო სვოპი ასევე მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მართვას, დამატებით ხელმისაწვდომი აშშ დოლარის ლიკვიდობით, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო სასწრაფო დახმარების „სოლიდარობის პაკეტი” 4 მილიარდი ევროს ოდენობით, როგორც ქმედითი ნაბიჯი მისი კლიენტების დასახმარებლად, მსოფლიოს 38 ქვეყნის ეკონომიკისათვის, მათ შორის საქართველოში არსებული კომპანიებისთვისაც. EBRD-ის მხარდაჭერა მოიცავს ეროვნული ვალუტით ვაჭრობის დაფინანსებას, გადაუდებელი ლიკვიდობისა და სამუშაო კაპიტალის მიწოდებას კერძო სექტორის კლიენტებისთვის ჰოსპითალითის (hospitality), ჯანდაცვისა და აგრობიზნესის სექტორებში.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში საქმიანობის დაწყების შემდეგ ბანკმა 3.7 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტირება მოახდინა 249 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. აღბიშნული ინვესტიციების 87 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.