საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი გრძელვადიანად სამი პროცენტი იქნება 
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი გრძელვადიანად სამი პროცენტი იქნება 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საქართველოს პარლამენტს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად და შესაძლო რისკების მიმოხილვა.

როგორც კობა გვენეტაძემ სხდომაზე აღნიშნა, ინფლაციის თარგეთირების პირობებში, ინფლაციის ოპტიმალური მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

„ეკონომიკისთვის დამაზიანებელია, როგორც მაღალი ინფლაცია, ასევე დეფლაცია. ამასთან, განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, რაც ძირითადად, ქვეყნების პირველ ჯგუფში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპით აიხსნება. კერძოდ, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები საშუალოდ 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი 2-4 პროცენტის ფარგლებშია განსაზღვრული.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტებისა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის განვითარებასთან ერთად, ეტაპობრივად იზრდება ეროვნული ბანკის შესაძლებლობები, რათა ინფლაცია ოპტიმალურ მაჩვენებელზე შეინარჩუნოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, 2018 წლიდან მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა და შემდგომი წლების განმავლობაში საშუალოვადიანი პერიოდის მიზნობრივი მაჩვენებელი 3% იქნება.

საშუალოვადიან პერიოდზე ხაზგასმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან შოკები მუდმივად ხდება და ინფლაციაც თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან: სხვადასხვა დროს მან შესაძლოა გადააჭარბოს, ან მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იყოს, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის მიზნობრივი მაჩვენებლისაკენ იმოძრავებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.