საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის რეფორმას იწყებს. ცენტრალური ბანკი განმარტავს, რომ რეფორმის მიზანია, სავალუტო ბაზარზე კონკურენციის გაზრდა, ბანკთაშორის ბაზარზე არასაბანკო მონაწილეებისათვის წვდომის გაადვილება, ლიკვიდობის ზრდა და უფრო მეტი გამჭვირვალობა.
რეფორმა, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება ორ კომპონენტს მოიცავს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეფორმის პირველი კომპონენტი გლობალური სავალუტო კოდექსია, რომელიც 2017 წელს მსოფლიო წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მონაწილეობით შეიქმნა. კოდექსის პრინციპების დაცვით სავალუტო ბაზარი 50-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. სავალუტო კოდექსით განსაზღვრული პირობების სავალდებულო შესრულებას აღიარებს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, 47 ქვეყნის ცენტრალური ბანკი, ასევე 1000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი და კომპანია. მათ შორის აშშ-ის, ინგლისის, ევროპის, იაპონიის, კანადისა და ავსტრალიის ცენტრალური ბანკები და წამყვანი საბანკო დაწესებულებები.
ეროვნული ბანკის ინიციატივით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საერთაშორისო ექსპერტებმა ქართული სავალუტო ბაზრის მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარეს და ახალი რეგულაცია – სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესი მათი დახმარებით შემუშავდა.
საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია საერთაშორისო კოდექსის ძირითად მოთხოვნებს ეფუძნება, თუმცა ამავდროულად ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკასაც ითვალისწინებს. როგორც გლობალური კოდექსის, ისე სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის მიზანია გამჭვირვალობის და კონკურენციის გაზრდა, ბაზრის მონაწილეებისათვის სამართლიანი, თანაბარი პირობების დადგენა და მათი კლიენტების ინტერესების უკეთ დაცვა.
ბანკები ვალდებული იქნებიან გამჭვირვალე გახადონ და ვებგვერდზე გამოაქვეყნონ მომსახურების სრული ტარიფები და სხვა პირობები; დაამუშაონ და აღასრულონ დავალებები კონფიდენციალობისა და კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვით. სავალუტო ბაზარზე მოქმედებების მაღალი სტანდარტების დასაცავად ბანკები უნდა უზრუნველყოფდნენ შესაბამის ორგანიზაციულ მოწყობასა და IT ინფრასტრუქტურას.
„ბუნებრივია, ახალი მიდგომების დანერგვას თან ახლავს შესაბამისი ინფრასტრუქტურული ცვლილებები. ამიტომ რეფორმის მეორე შემადგენელი კომპონენტია ბლუმბერგის ახალი სავაჭრო პლატფორმის – Bmatch ამოქმედება. Bmatch პლატფორმა 2016 წლიდან წარმატებით მუშაობს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში და უზრუნველყოფს შემხვედრი გარიგებების ავტომატურ დაწყვილებას (მეჩინგს) და აღსრულებას. გარიგების დადებამდე განაცხადის ავტორის ვინაობა ანონიმურია, რაც კონფიდენციალობასა და მიუკერძოებლობას უზრუნველყოფს. ამასთან, სისტემაში კონტრაგენტის რისკების მართვა მონაწილეების მიერ განსაზღვრული ლიმიტების საშუალებით, ხოლო დადებული გარიგებების აღსრულება ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად ხდება“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
უწყების ცნობით, Bmatch პლატფორმა საქართველოში მარტიდან ამოქმედდა და ტესტირების რეჟიმში წარმატებით ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე პლატფორმას უკვე იყენებს 15 ბანკი, ოთხი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ერთი მსხვილი კომპანია და უცხოური საინვესტიციო ფონდი. ახალი წესების ამოქმედებით კი, პლატფორმა მონაწილეთა უფრო ფართო წრისათვის გახდება ხელმისაწვდომი. სისტემაში ვაჭრობა შეეძლებათ როგორც ბანკებს, ისე კომპანიებს. ამასთან, კომპანიებს ექნებათ არჩევანი თავად ჩაერთონ ტერმინალში და მისი მეშვეობით პირდაპირ ივაჭრონ ვალუტით ან განაცხადები ბანკის დახმარებით განათავსონ. ისინი აღარ იქნებიან შეზღუდული გარიგებების ერთ ბანკთან დადებით, არამედ ივაჭრებენ იმ ბანკებთან და/ან კომპანიებთან, ვინც უკეთეს ფასს შესთავაზებთ.
ეროვნული ბანკის შეფაებით, ეს ბაზრის უფრო დიდ კონცენტრაციას, მეტ ლიკვიდობასა და ხელსაყრელ ფასს უზრუნველყოფს.
სავალუტო ბაზრის წესი და ახალი პლატფორმა 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. მანამდე კი, ბანკებს ექნებათ დრო შესაბამისი ინფრასტრუქტურის გასამართად, ხოლო კომპანიებს შეეძლებათ მომსახურებაზე ხელშეკრულება ერთ ან რამდენიმე ბანკთან გააფორმონ.