საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის, „ევრობასკეტი 2022“ გამოშვებას იწყებს
საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის, „ევრობასკეტი 2022“ გამოშვებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის, „ევრობასკეტი 2022“ გამოშვებას იწყებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საკოლექციო მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტა ბადენ-ვიურტემბერგის (გერმანია) სახელმწიფო ზარაფხანაში 5 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 70 ლარია.

„ქართულ კალათბურთს წელს 100 წელი უსრულდება. „ევრობასკეტი 2022“-ის მასპინძლობას კი სპორტის ეს სახეობა ახალ საფეხურზე გადაჰყავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევრობასკეტი 2022-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა. საკოლექციო მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის ავერსის ესკიზი – ალექსანდრე ვერულაშვილმა, ხოლო რევერსის ესკიზი – სოფიო წიქარიძემ მოამზადეს. მონეტა ბადენ-ვიურტემბერგის (გერმანია) სახელმწიფო ზარაფხანაში 5 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 70 ლარია.

ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს, გაითვალისწინოს ნუმიზმატების, კოლექციონერების და სხვა დაინტერესებული მხარეების სურვილები და რეკომენდაციები და ზრუნავს, გააუმჯობესოს საკოლექციო მონეტების რეალიზაციის პირობები. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა წინასწარი შეკვეთების პრაქტიკა 2021 წელს დაიწყო და ევრობასკეტი 2022 იყო პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც წინასწარი შეკვეთით გაიყიდა.

წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტმაღაზიის გვერდზე, ასევე საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში შემდეგი პირობებით:

2022 წლის 22 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით, მიწოდების პირობით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულება-მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ ბმულზე.

2022 წლის 29 აგვისტოდან ორი თვის განმავლობაში წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და ყვარლის ფულის  მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) მათი დარჩენილი საფასურის გადახდით,  შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობით.

2022 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტმაღაზიის საშუალებით, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) სალაროებში. თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში, მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს 1 მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.