საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ტოვებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 9 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ბოლო თვეებში წლიური ინფლაცია 3.8 პროცენტის დონეზეა.
არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონესთან ახლოს იმოძრავებს. ინფლაციის დინამიკას, ძირითადად, სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განსაზღვრავს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გავლენა მომავალ წელსაც შენარჩუნდება. თუმცა, საგულისხმოა 2020-2021 წლებში პანდემიასთან გამკლავების მიზნით გაზრდილი სოციალური და ეკონომიკის მხარდამჭერი ფისკალური ხარჯების როლი ერთობლივი მოთხოვნის წახალისებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად, პანდემიის ფონზე დამატებითი შეზღუდვებით გამოწვეული წარმოების ხარჯების ზრდა. კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას ასევე მხედველობაში მიიღო ის გაურკვევლობა, რომელიც გახანგრძლივებულ პანდემიასთან და გლობალურად მოქმედ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული.
„ამასთან, ეკონომიკის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის გამო მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა ლიმიტირებულია. არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება შესაძლოა უფრო ხანგრძლივად გახდეს საჭირო, რაც ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. ეკონომიკური მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, კომიტეტი მომავალში არც საპროცენტო განაკვეთის ზრდის საჭიროებას გამორიცხავს. წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა სუსტია.
არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა ოქტომბერში წლიურად 3.9 პროცენტით შემცირდა, ათი თვის საშუალო კი -5.1 პროცენტია. 2020 წელს კლების შემდეგ, 2021 წლიდან ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენაა მოსალოდნელი. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება და 2021 წელსაც მცირე ზრდაა პროგნოზირებული. საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და, წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში წლიურად 94 პროცენტით შემცირდა. სუსტი ადგილობრივი მოთხოვნის ფონზე, საქონლის იმპორტი ოქტომბერში წლიურად 24 პროცენტით შემცირდა.
წინა თვეში მცირე ზრდის შემდეგ, ოქტომბერში ექსპორტმა წლიურად კვლავ იკლო. ამის საპირწონედ, გრძელდება ფულადი გზავნილების მაღალი ზრდა. კორონავირუსთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ევროპის ცენტრალური ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით, 100 მლნ ევროს ფარგლებში, ევროს რეპო ხაზის ამოქმედების შესახებ შეთანხმდნენ. აღნიშნული ხაზი ცენტრალური ბანკებისათვის ევროსისტემის რეპოს მექანიზმის (Eurosystem repo facility for central banks (EUREP)) ფარგლებში ამოქმედდა. ინსტრუმენტის მიზანია, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური სისტემისათვის ევროს ლიკვიდობის მიწოდება. მექანიზმი ძალაში იქნება 2021 წლის 30 ივნისამდე და მის საოპერაციო მხარდაჭერას გერმანიის ბუნდესბანკი უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება და, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 3 თებერვალს ჩატარდება.