საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების რიგით მეოთხე ფორუმს უმასპინძლა. ეს ორდღიანი ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი) და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) თანამშრომლობით, და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით იმართება.
წლევანდელი ფორუმი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მონაწილეებს საშუალება მიეცათ, ღონისძიებას როგორც ვირტუალურად, ასევე ფიზიკურად დასწრებოდნენ. ფორუმს 300-მდე მონაწილე დაესწრო 55 ქვეყნიდან, მათ შორის ევროკავშირისა და SBFN-ის წევრი ქვეყნებისა და ცენტრალური ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, უნივერსიტეტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
ფორუმი მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გახსნა. მან ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების მიმართულებით მიღწევებს გაუსვა ხაზი და ეროვნული ბანკის SBFN-ში გაწევრიანების ხუთი წლის იუბილე აღნიშნა.
„მოხარული ვარ, რომ მდგრადი დაფინანსების მიმართ ინტერესი მზარდია. წლიდან წლამდე იზრდება იმ ქვეყნების, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ექსპერტების რიცხვი, რომლებიც მდგრადი დაფინანსების ფორუმს ესწრება. სიმბოლურია, რომ საქართველოს მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის იდეა პირველ მდგრადი დაფინანსების ფორუმზე გაჩნდა და დღეს, მდგრადი დაფინანსების მეოთხე ფორუმზე, სწორედ მის წარმატებით განხორციელებას აღვნიშნავთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
როგორც IFC-ის მდგრადი და გენდერის მიმართულების დირექტორმა მერი პორტერ პეშკამ აღნიშნა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კრიზისზე რეაგირება და COVID-19 პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესი საჭიროებს მდგრად ფინანსურ სისტემებს როგორც ქვეყნების, ისე გლობალურ დონეზე.
მისივე თქმით, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ანგარიშგების და გამჟღავნების პრინციპების და ასევე მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მეშვეობით საქართველომ და მისმა ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში მდგრადი დაფინანსების განვითარების მყარი საფუძველი შექმნეს. პორტერ პეშკას განცხადებით, IFC და SBFN მომავალშიც განაგრძობენ ქვეყნის მხარდაჭერას მოსახლეობისთვის „მწვანე“ და მტკიცე მომავლის შექმნის გზაზე.
„შვეიცარია მთელ მსოფლიოში ხელს უწყობს მდგრადი დაფინანსების პოლიტიკის, ინსტრუმენტებისა და ბაზრის მოთამაშეების მზაობის გაძლიერებასა და განვითარებას,“ – აღნიშნა საქართველოში თანამშრომლობის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, შვეიცარიის საელჩო დანიელ მევლიმ.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ IFC-ს ინტეგრირებულ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებას და კონსოლიდაციას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ, ამავე შვეიცარიის მხარდაჭერით, ტარდება მდგრადი დაფინანსების ფორუმი, რაც სხვადასხვა მხარის, მათ შორის ეროვნული ინსტიტუტების, მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის, და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია“, – დანიელ მევლიმ.
მდგრადი დაფინანსების ფორუმმა უმასპინძლა მდგრადი დაფინანსების ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან. მათ მონაწილეებს გაუზიარეს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით არსებული გამოცდილება და განიხილეს უახლესი მოვლენები და გამოწვევები, განსაკუთრებით ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა, მაროკო, მონღოლეთი, ყაზახეთი, სამხრეთ აფრიკა, უნგრეთი, ეგვიპტე, კოლუმბია და სხვა. პანელის წევრებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ იყენებენ ქვეყნები გზამკვლევს მდგრად დაფინანსებაზე გადასვლის მხარდასაჭერად და ცალკეული ქვეყნების წარმატების ისტორიები განიხილეს. ამასთან, ქვეყნების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მდგრადი დაფინანსების მხარდაჭერაში ტაქსონომიის როლზე, ხაზი გაუსვეს ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას და მდგრადობასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. გარდა ამისა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს ESG რისკების მართვაში ხელშემწყობი პოლიტიკის როლზე და მდგრადი დაფინანსების დახმარებით ბიზნეს შესაძლებლობების შექმნაზე. მონაწილეებმა ასევე წარადგინეს სამომავლო გეგმები და პროექტები.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და IFC-SBFN-ის მდგრადი დაფინანსების ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა. ის გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საქართველოსა და სხვა მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მდგრადი დაფინანსების განვითარების მიმართულებით ნაყოფიერი დისკუსიებისთვის. ფორუმი მომავალშიც გააგრძელებს უახლესი გლობალური ტენდენციებისა და SBFN-ის წევრი 62 ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.