აზიის ზოგიერთი ქვეყნიდან საქონლის იმპორტირებისას ირანის ისლამური რესპუბლიკის სატრანზიტო კორიდორის გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.
„ბოლო თვეების განმავლობაში, „კოვიდ-19“ პანდემიის გამო, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების შემცირების მიზნით, აზიის ზოგიერთი ქვეყნიდან საქონლის იმპორტირებისას ირანის ისლამური რესპუბლიკის სატრანზიტო კორიდორის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა. ირანის მიმართ აშშ-ის სრულმასშტაბიანი სანქციების მოქმედების პირობებში, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ან/და ირანული წარმოშობის საქონელთან პირდაპირ/ირიბად დაკავშირებული საბანკო ტრანზაქციები, მათ შორის ირანის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საბანკო ანგარიშსწორება შესაძლებელია, აშშ-ის მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევად ჩაითვალოს. ასეთი გარიგებები, საბანკო სექტორის საკორესპონდენტო ურთიერთობების ფარგლებში, უცხოურ ვალუტაში ქვეყნის გარეთ ტრანზაქციების განხორციელების შეფერხების რისკს წარმოშობს.
აშშ-ის მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დაცვის მიზნით, კომერციული ბანკები ვალდებული არიან, ირანთან დაკავშირებული პირების მიმართ გაატარონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, ასევე განახორციელონ ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების გაძლიერებული მონიტორინგი და სანქციების დარღვევის რისკის არსებობის შემთხვევაში, მსგავსი ტიპის ტრანზაქციები არ შეასრულონ.
ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ჩართულობით შემუშავდა დებულება, რომელშიც დეტალურადაა განსაზღვრული ის მოთხოვნები, რომელთა დაცვაც კომერციული ბანკების მიერ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დარღვევის რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. აღნიშნული დოკუმენტის შესრულება სავალდებულოა ყველა კომერციული ბანკისთვის და მიზნად ისახავს საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობებთან დაკავშირებული რისკების შემცირებასა და სანქციების რეჟიმთან შესაბამისობას. დამატებით, კომერციული ბანკები უფლებამოსილი არიან, თავიანთი შიდა პოლიტიკა-პროცედურების თანახმად, კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის მექანიზმები გამოიყენონ“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.