საქართველოს ეროვნული არქივის საცავების დათვალიერება 8 ივნისს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება
არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ არქივში წელს უკვე მეორედ, პროექტი „არქივის ღია კარი“ განხორციელდება. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს. ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
დოკუმენტების საცავებისა და მასში დაცული დოკუმენტების დათვალიერება 8 ივნისს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ეროვნული არქივის საცავებში დაშვება მხოლოდ არქივის მცველებს აქვთ. რაც შეეხება მკვლევარებს, არქივში დაცული მასალების დედნებისა და ელექტრონული ასლების გაცნობა ცენტრალური და რეგიონული არქივების მკვლევართა დარბაზებში შეუძლიათ.
„არქივის ღია კარი“ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აძლევს საშუალებას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მოხვდეს არქივის უნიკალური დოკუმენტების საცავებში.
„არქივის ღია კარისთვის“ მომზადებულია სპეციალური ტური, რომელიც მოიცავს წერილობითი დოკუმენტებისა და ფოტოების საარქივო საცავების, დიგიტალიზაციისა და ლაბორატორიის ოთახების, საგამოფენო პავილიონის დათვალიერებას.