საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ტყვიის სროლაში ტიტულოვანი სპორტსმენები ესტუმრნენ
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ტყვიის სროლაში მრავალი ტიტულის მფლობელი ცნობილი სპორტსმენები ესტუმრნენ: ხუთი ოლიმპიური მედლის მფლობელი იასნა სეკარიჩი(სერბეთი), ასევე ხუთი ოლიმპიური მედლის მფლობელი მარია გროზდევა (ბულგარეთი) და ოლიმპიური თამაშების ორგზის მედალოსანი მუნკბაიარ დორჯსურენი(გერმანია).
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიელებს ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მისაბაძია თქვენი მეგობრობა ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძესთან, რომელიც საქართველოსთან მეგობრობაში გადაიზარდა. ასევე მისაბაძია თქვენი სპორტული გზა ჩვენი ქვეყნების ახალგაზრდებისთვის. საქართველოში სპორტის ოლიმპიური სახეობების, მათ შორის – ტყვიის სროლის განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა და იმედი გვაქვს, რომ წარმატებები მომავალშიც გვექნება“- აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.
დღესვე სტუმრებმა ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერეს.