საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „კატინი - დღე განსაკუთრებულად დაიწყო“ გაიხსნა [ფოტო]
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „კატინი - დღე განსაკუთრებულად დაიწყო“ გაიხსნა [ფოტო]

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოკუპაციის დარბაზში გამოფენა „კატინი – დღე განსაკუთრებულად დაიწყო“ გაიხსნა.

პროექტი კატინის მუზეუმისა და პოლონური ინსტიტუტის თანამშრომლობით განხორციელდა და ის
საბჭოთა ოკუპაციის დროს კატინში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.

დაახლოებით 22 ათასი პოლონელი ტყვე 1940 წლის გაზაფხულზე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД-ს) დანაყოფებმა დახოცეს. ტყვეთა ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა რეპრესიები და გადასახლებები.

გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს, რა არის კატინი და რა მნიშვნელობის მატარებელია ის პოლონეთისთვის. დამთვალიერებელი გაეცნობა როგორც კატინის ისტორიას, ასევე თითოეული დაღუპული გმირის ამბავს.

სპეციალურად გამოფენისთვის მომზადდა ვიდეომასალა, სადაც მსხვერპლთა შვილები საუბრობენ მათი თვალით დანახულ ამბებზე. ფილმებსა და ისტორიულ ინფორმაციასთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არტეფაქტები, მათ შორის დაღუპულთა პირადი ნივთები.

გამოფენის მხარდამჭერია პოლონეთის ეროვნული ფონდი.