საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივანი“ ეწყობა
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივნის“ მოწყობის მიზნით, ნერგები დაირგო.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანების შთამომავლები მონაწილეობდნენ, რომელთა სახელობის მცენარეებიც დაირგო.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო. თბილისში, „დავიწყებული ხილის ბაღის“ ანალოგის გასაშენებლად, ტონინო გუერას მეუღლემ, ლორა გუერამ, საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცა ნერგების ის ჯიშები, რომლებიც იტალიურ ბაღშია გაშენებული.
ამასთანავე, შემდეგი ეტაპისთვის, დაგეგმილია, ბაღი გაჯერებული იყოს იმ ქართული, ენდემური მცენარეების ჯიშებით, რომლებიც პრაქტიკულად, დავიწყებულია.
იტალიაში, ემილია რომანიას რეგიონში, ქალაქ პენნაბილლიში „დავიწყებული ხილის ბაღი“ ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, იტალიელმა პოეტმა, დრამატურგმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ შექმნა. ბაღში მცენარეთა დავიწყებული ჯიშები დაირგო.
ამასთან, თითოეული მცენარე სხვადასხვა ხელოვანის სახელობისაა. ეს პატარა ბაღი გაშენებისთანავე მისი იდეის გამო მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამ მცენარეთა დავიწყებული ჯიშები მიუთითებენ კულტურისა და ხელოვნების მარადიულობაზე, ხაზს უსვამენ კაცობრიობის ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობას და წარმოაჩენენ თანამედროვე საზოგადოების წამყვან როლს, ფლორისა და ფაუნის დაცვისა და მოვლა- პატრონობის საქმეში.
„დავიწყებული ხილის ხეივნის“ ანალოგის სახით თბილისს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივების, არამედ ქალაქის სტუმრებისთვისაც საყვარელი ადგილი იქნება.