საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ევროპის ცენტრალურ ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
კორონავირუსთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ევროპის ცენტრალური ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით, 100 მლნ ევროს ფარგლებში, ევროს რეპო ხაზის ამოქმედების შესახებ შეთანხმდნენ. აღნიშნული ხაზი ცენტრალური ბანკებისათვის ევროსისტემის რეპოს მექანიზმის (Eurosystem repo facility for central banks (EUREP)) ფარგლებში ამოქმედდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ინსტრუმენტის მიზანია, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური სისტემისათვის ევროს ლიკვიდობის მიწოდება. მექანიზმი ძალაში იქნება 2021 წლის 30 ივნისამდე და მის საოპერაციო მხარდაჭერას გერმანიის ბუნდესბანკი უზრუნველყოფს.
„ეს, ამგვარი ტიპის პირველი ხელშეკრულება არის საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ევროპის ცენტრაალურ ბანკს შორის. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც კრიზისების დროს, ხშირად არის ხოლმე ლიკვიდობასთან დაკავშირებული საკითხები, რასაც ეროვნული ბანკი კარგად უმკლავდება, მაგრამ იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაცული ვიყოთ ამ მიმართულებით, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკთან ეს ხელშეკრულება გაგვეფორმებინა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.