საქართველოს ექსპორტი რუმინეთში 245, გაერთიანებულ საამიროებში კი, 166 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს ექსპორტი წელს განსაკუთრებით მზარდი რუმინეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში რუმინეთში ექსპორტმა 94,5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 245 პროცენტით მეტია.
რუმინეთში, ძირითადად, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მინერალური სასუქები, ბოსტნეული, ტანსაცმელი და წვენები გადის.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტმა ხუთ თვეში 40 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე 166 პროცენტით მეტია. ამ ქვეყანაში, ძირითადად, მსუბუქი ავტომობილები, ოქრო, ელექტრონული ინტეგრალური სქემები და ხორცი გადის.
რუმინეთი და გაერთიანებული საამიროები ექსპორტის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში მთლიანმა ექსპორტმა საქართველოდან 1,47 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.2 პროცენტით მეტია.