საქართველოს ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში 26.6 პროცენტით, ევროკავშირში 20.6 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში 26.6 პროცენტით, ევროკავშირში 20.6 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 105.8 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 26.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.6 პროცენტს შეადგენს.

შვიდი თვის მონაცემებითვე, ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 503.5 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 20.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.0 პროცენტს შეადგენს.

იანვარ-ივლისში ყველაზე დიდი მოცულობით ექსპორტი რუსეთში განხორციელდა, სადაც გატანილია 303 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 26 პროცენტით აღემატება. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედიან აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი და უკრაინა.

რაც შეეხება იმპორტს, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოტანილია 1 303.1 მლნ. აშშ დოლარის პროდუქცია (14.3 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3 პროცენტია.

იმპორტის მოცულობამ ევროკავშირიდან 1 280.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (12.6 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.8 პროცენტი შეადგინა.

ყველაზე დიდი მოცულობით იმპორტი თურქეთიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და გერმანიიდან განხორციელდა.