საქართველოს ელჩმა სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურს რწმუნებათა სიგელები გადასცა 
საქართველოს ელჩმა სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურს რწმუნებათა სიგელები გადასცა 

საქართველოს ელჩი გიორგი დოლიძე სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურს, ტუიამალეალიიფანო ვაალეტოა სუალაუვი II-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აპიაში, სახელმწიფო მეთაურის რეზიდენციაში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში, სახელმწიფოს მეთაურმა სამოას მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერა დაადასტურა.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი სამოას დამოუკიდებელი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, მ.ა. ტუილაეპა ლუპესოლიაი სალიელე მალიელეგაოის შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა  ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. სამოას პრემიერ-მინისტრს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. თავის მხრივ, სამოას პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა და საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს თანადგომის გაგრძელების მზადყოფნა გამოხატა.

სამოაში ვიზიტისას, საქართველოს ელჩი, ასევე შეხვედრებს გამართავს პარლამენტის სპიკერთან და აპიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.

საქართველოს ელჩის რეზიდენცია ქალაქ კანბერაში მდებარეობს.