საქართველოს ელჩმა და ესტონეთის პრემიერმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ყარაულაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, იური რატასს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-ესტონეთის მეგობრული ურთიერთობები და ინტენსიური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების აუცილებლობას. დაფიქსირდა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების გააქტიურების სურვილიც.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
„იური რატასმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნა, რომ ესტონეთი იყენებს ყველა შესაძლო საერთაშორისო პლატფორმას საქართველოს მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, მხარეებმა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესიც განიხილეს. იური რატასმა დაადასტურა, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესების მხარდაჭერას.
არჩილ ყარაულაშვილმა მადლობა გადაუხადა იური რატასს საქართველოსადმი ესტონეთის მტკიცე თანადგომისა და შეუქცევადი მხარდაჭერისთვის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.