საქართველოს ელჩის ინფორმაციით, უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა
უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ ზაქარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, დაშავებულებს კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება გუშინ, ხარკოვის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებებისას მოკლულ ორ ქართველ მებრძოლს, საელჩოს ცნობით, ცხედრები ამ დროისათვის ისეთ ტერიტორიაზეა, საიდანაც მათი სამშობლოში გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.
„ზუსტად ვერ გეტყვით, როდის მოხდება უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის მოხერხდება ცოტა უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა ცხედრების. შესაბამისად იმის მიხედვით დალაგდება დანარჩენი მარშრუტი. ამიტომ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. რამდენადაც ვიცით, მათი თანამებრძოლები ცდილობენ გამოყვანას, სადაც უკვე ჩაერთვება შესაბამისი სამსახური და წამოიყვანს საქართველოსკენ. ვიდრე არ იქნება გამოყვანილი ცხედრები უსაფრთხო ადგილზე, დროს და მარშრუტს ვერ გეტყვით.
დაჭრილები, რამდენადაც ვიცით, არის საერთო ჯამში რვა. მათგან ერთი შედარებით მძიმედ. დანარჩენი მეტ-ნაკლებად მსუბუქად. საავადმყოფოში იყვნენ ყველა და გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. საუბარია იმაზე, სად მოხდეს მათი გადაყვანა ან დარჩენა. შესაბამისად, ეს პროცესი მიმდინარეობს და ვერაფერს გეტყვით, სად და როგორ განხორციელდება ან მათი გადაყვანა, ან ცხედრების გამოყვანა ისეთ ადგილას, საიდანაც მოხერხდებოდა მათი გადმოსვენების პროცესის დაწყება“,- აღნიშნა გიორგი ზაქარაშვილმა.