საქართველოს ელჩი საბერძნეთში - საქართველოს სამი მოქალაქე მხოლოდ სასამართლო პროცესამდეა გათავისუფლებული, თუმცა ბრალი არ მოხსნიათ
საქართველოს სამი მოქალაქე ქალბატონი, რომლებთან დაკავშირებითაც ქართული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი წუხილს გამოთქვამდა, მხოლოდ სასამართლო პროცესამდეა გათავისუფლებული, თუმცა ბრალი არ მოხსნიათ, – ამის შესახებ საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის მიმართვაშია ნათქვამი.
„საბერძნეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, საელჩოს აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოს სამი მოქალაქე ქალბატონი, რომლებთან დაკავშირებითაც ქართული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი წუხილს გამოთქვამდა, მხოლოდ სასამართლო პროცესამდეა გათავისუფლებული, თუმცა ბრალი არ მოხსნიათ. საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურმა საქართველოს მოქალაქეებს შეხვედრა და მათი საკითხის დეტალურად განხილვა შესთავაზა, ველით მათგან შესაბამის რეაგირებას და კვლავ მზად ვართ შეხვედრისა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებისთვის. ზემოხსენებული სამი ქალბატონის ფოტოების გავრცელებასთან და ამ პირების, ამავე პერიოდში ჩადენილ, სხვა დანაშაულთან დაკავშირების თაობაზე, გაცნობებთ, რომ საბერძნეთის შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში უზუსტობები არ აღმოჩნდა, შეცდომები დაშვებულია ინფორმაციის გავრცელებისას ზოგიერთი ბერძნული სააგენტოს მიერ და საქართველოს საელჩო მათთან აქტიურად მუშაობს ხარვეზების გამსოწორების მიზნით“, – აღნიშნულია იოსებ ნანობაშვილის მიმართვაში.