იოსებ ნანობაშვილი - ანატოლი ბიბილოვი სერბეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ რუსული პასპორტით გადაადგილდებოდა
საქართველოს ელჩი საბერძნეთში, რომელიც სერბეთსაც ფარავს აცხადებს, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ რუსული პასპორტით გადაადგილდებოდა.
იოსებ ნანობაშვილმა განცხადება საქართველოსა და სერბეთის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელსაც თავადაც ესწრებოდა.
მედიას სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან კითხვის დასმის საშუალება არ მიეცა, ამიტომ ბიბილოვთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს ელჩმა უპასუხა.
იოსებ ნანობაშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი ირაკლი კობახიძისა და მაია გოიკოვიჩის შეხვედრაზეც დაისვა. ელჩის თქმით, სერბეთის პარლამენტის სპიკერმა მომხდარს უსიამოვნო ინციდენტი უწოდა.
“ამ თემას ორივე მხარე შეეხო, სერბეთის ასამბლეის სპიკერმა აღნიშნა, რომ ასეთი უსიამოვნო ინციდენტები ეწინააღმდეგება სერბეთის ეროვნულ ინტერესებს, ამიტომ რა თქმა უნდა, საუბარიც არ არის რაიმე სახის ოფიციალურ შეხვედრაზე. თუმცა როგორც სპიკერმაც, მაია გოიკოვიჩმაც თქვა, ყოველი ასეთი ინციდენტის აღმოჩენისას ოფიციალური ბელგრადი დაგმობს მსგავს ფაქტებს”, – აცხადებს საქართველოს ელჩი.
იოსებ ნანობაშვილი ბიბილოვისა და სერბეთის პატრიარქის შეხვედრის ამსახველი ფოტოების გავრცელების შემდეგ, პირადად ესტუმრა პატრიარქ ირინეოსს.
ელჩი აცხადებს, რომ პატრიარქმა მას როგორც ოფიციალურად, ასევე პირად საუბარში დაუდასტურა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტი იყო არაოფიციალური.
„ბიბოლოვმა მართალია გაიარა სერბეთის ტერიტორია, მაგრამ არც ერთი ოფიციალური შეხვედრა მას სერბეთის ტერიტორიაზე არ ჩაუტარებია, მათ შორის არც საპატრიარქოში და ეს პირადად დამიდასტურა პატრიარქმა ირინეოსმა, როცა მას შევხვდი. სავარაუდოდ საქმე გვაქვს ტექნიკურ საპასპორტო დეტალებთან, რომელზეც არის კითხვის ნიშნები, მათ შორის იმაზე, რომ ზოგიერთი პირი რუსული პასპორტით გადაადგილდება. ამ საკითხზეც მიდის თანამშრომლობა სერბეთთან”, -განაცხადა ელჩმა.