საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება.
ამის შესახებ არველაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე წერს.
არველაძე განმარტავს, რომ საქართველოში კონტაქტი ჰქონდა მეგობართან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
მინისტრის მოადგილის თქმით, თვითიზოლაციაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრებიც.
„მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ვინაიდან მქონდა შეხება მეგობართან საქართველოში, რომელიც, სამწუხაროდ, კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვირუსთან დაკავშირებული არც ერთი სიმპტომი არ მაქვს, დაუყოვნებლივ მივმართე ექიმს და გავიარე კონსულტაცია საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით.
ბუნებრივია, სამსახურში არ გამოვცხადებულვარ, მით უფრო, რომ უქმე დღე იყო და არც არავის შევხვედრილვარ ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ჩემსავით თვითიზოლაციაში არიან.
ჩემი სამოქალაქო თვითშეგნებიდან გამომდინარე, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში დავრჩები თვითიზოლაციაში, რათა თავად მეც არ გავხდე ვირუსის გადამტანი და გამავრცელებელი.
მას შემდეგ, რაც ანალიზის პასუხი ცნობილი გახდება, მას აუცილებლად გამოვაქვეყნებ.
ჩემი მაგალითით მოგიწოდებთ ყველას, ვინც იმოგზაურეთ მომეტებული რისკის მქონე ქვეყნებში ან ჩემსავით კონტაქტი გქონდათ კორონავირუსის მატარებელ პირებთან, გადადით თვითიზოლაციის რეჟიმში, რათა ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი არ შეუწყოთ ვირუსის შემდგომ გავრცელებას. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს მინისტრის მოადგილე.