საქართველოს დონალდ ტუსკი, ესტონეთის პრემიერი, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევიან
საქართველოს მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევიან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ ბათუმში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.
ამასთან, საგარეო მინისტრის ინფორმაციით, სტუმრებს შორის იქნება ასევე ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი.
„სტუმრებს შორის არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეფან კუბივი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაჰმუდ მამად-გულიევი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები“,- აღნიშნა ზალკალიანმა.
კონფერენცია ბათუმში 11-12 ივლისს გაიმართება. ამასთან, კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება მთელ რიგ საფინანსო შეთანხმებებს, კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.