საქართველოს დღეს სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ეწვევა.
მაია გოიკოვიჩი თბილისს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს.
სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის 12:00 საათზე ელოდებიან.
გოიკოვიჩი პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტში ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან გამართავს, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
საღამოს სერბეთის დელეგაციას საქართველოს საპატრიარქოში ელოდებიან. წინასწარი ინფორმაციით, პატრიარქთან შეხვედრაზე სერბეთის პატრიარქსა და ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს შორის შემდგარ შეხვედრაზეც ისაუბრებენ.
ხვალ მაია გოიკოვიჩს მთავრობის ადმინისტრაციაში ელოდებიან. გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მას საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი უმასპინძლებენ.
მაია გოიკოვიჩი, სერბეთის დელეგაციასთან ერთად, თბილისს 26 იანვარს დატოვებს.