საქართველოს დღეს გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ეწვევა
11-14 ივლისს საქართველოში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი, ბატონი იენს ბრანდენბურგი ჩამოვა. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, გიორგი ამილახვართან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან, ასევე გერმანული ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი გერმანული ფირმების წარმომადგენლებთან.
საელჩოს ცნობით, გარდა ამისა, ბრანდენბურგი შეხვდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დირექტორსა და სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს.
ამავდროულად, გერმანიის საელჩო საქართველოში ვიზიტის წინ იენს ბრანდენბურგის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ავრცელებს.
„საქართველო არის გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარება კოალიციის ხელშეკრულებით არის შეთანხმებული. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე ეს საკითხი ძალიან აქტუალურია. რუსეთის თავდასხმის გეოპოლიტიკური გავლენა აქაც საკმაოდ ნათელია, ამიტომ ჩვენ ორმხრივი სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაფართოება გვსურს. გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოს მისი სამეცნიერო სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ კვლევით სივრცესთან უფრო მეტად დაახლოების საქმეში. ვგეგმავთ შეთანხმებების გაფორმებას საქართველოსთან ჩვენი სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ამასთან, მთავარ საკითხებად განვიხილავთ იმ გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას, რომლებიც ეხება ისეთ გლობალურ გამოწვევებს, როგორებიცაა ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა და წყლისა და ენერგიის მდგრადი მომარაგების საკითხები. გარდა ამისა, გვინდა, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ევროპული საკვლევი პროგრამები ქართული დაწესებულებებისათვის“, – განაცხადა ბრანდენბურგმა.