საქართველოს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.
მაიკ პომპეო თბილისში დღის მეორე ნახევარში ჩამოვა, ხოლო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვედრას გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.
„საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით.
ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტს ხვალ დაასრულებს და ისრაელში გაემგზავრება.