საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ყვარელში ზურაბ და ნიკო ჭავჭავაძეებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ყვარელში ლიტერატურული საღამო გაიმართა, რომელიც საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭავჭავაძისა და მისი მამის, ფილოსოფოს ნიკო ჭავჭავაძის ხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიება ყვარლის მერიის კულტურის სამსახურისა და ლიტერატურული სალონის ორგანიზებით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი თვითშემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ზურაბ ჭავჭავაძის შვილის, ნინო ჭავჭავაძის თქმით, დღევანდელი დღე მისი მამისთვის ძალიან ღირებული იყო.

„ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ქართველი ადამიანისთვის და ეს დღე მამისთვის იყო ძალიან ღირებული. თებერვალში იყო მისი 70 წლის იუბილე და ახლა მაისში იყო პაპის, ნიკო ჭავჭავაძის 100 წლის იუბილე. ეს საიუბილეო წლები გავაერთიანეთ“, – აღნიშნა ნინო ჭავჭავაძემ.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, სიმბოლურია, რომ ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეების ხსოვნის დღე 26 მაისს აღინიშნება.

„გარდა ამისა, მათი სახელობის მუზეუმიც გაიხსნა. ორივენი ძალიან გამორჩეული მოღვაწეები იყვნენ საქართველოში. ზურაბ ჭავჭავაძე ძალიან დააკლდა საქართველოს და არა მხოლოდ მის პოლიტიკურ ცხოვრებას. ის იყო ძალიან შორსმჭვრეტი ადამიანი“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.