საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირშესანიშნაობები წელსაც საქართველოს დროშის ფერებით განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირშესანიშნაობები წელსაც საქართველოს დროშის ფერებით განათდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვაგვარი ღონისძიებებით აღინიშნა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, მათ შორის, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებით განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. კანადაში, უკვე მესამედ, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ნიაგარის ჩანჩქერზე საქართველოს დროშის გამოსახულება გამოჩნდა, ხოლო ოტავაში მერიიის შენობა საქართველოს დროშის ფერებით განათდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებით განათდა ვაშინგტონის ხიდი, სან ფრანცისკოს – მერიის შენობა, ხოლო ნიუ იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, მანჰეტენზე მდებარე Green Bowling Park-ში  საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებით განათდა ევროპის საბჭოს შენობა, ირლანდიაში კი – დუბლინის ღირსშესანიშნაობა, Samuel Beckett-ის ხიდი.

26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, ისტორიაში პირველად, საქართველოს დროშის ფერებით განათდა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს უმთავრესი ღირსშესანიშნაობები. ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერები გამოხატა მსოფლიო მასშტაბის ღირსშესანიშნაობაზე – ლუქსორის ტაძარზე. საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს იყო ლუქსორის ტაძრის უცხო ქვეყნის დროშის ფერებში განათების პირველი შემთხვევა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრიუსელის მთავარი სიმბოლო – „მანეკენ პისი“ ჩოხით შეიმოსა.

ტრადიციულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებით განათდა ქალაქის ოთხი ისტორიული ხიდი, კაუნასში – ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანი, ხოლო კლაიპედაში – ძველი მერიის შენობა (რატუშა). ასევე, 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებით განათდა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქის მერიის შენობა, ჯაკარტაში – ცენტრალური შადრევანი, ავსტრალიაში – ძველი პარლამენტისა და ეროვნული კარილიონის შენობები.

ანკარაში, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდა თურქეთის სიდიდით მე-3 ქალაქის – იზმირის მთავარი სიმბოლო „ საათის კოშკი“, რომელზეც ასევე საქართველოს ეროვნული დროშა გამოისახა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებით განათდა ქ.სტამბოლის ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი.

ასევე, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს დროშის ფერებით განათდა ათენის ერთ-ერთი ცენტრალური – ომონიის შადრევანი, თესალონიკის მერიის შენობა, კვიპროსში – ნიქოზიის მთავარი შადრევანი, საუდის არაბეთში – ცნობილი შენობა Kingdom Tower-ი, ხოლო კატარში – დოჰას ცენტრში მდებარე სასტუმრო „შერატონის“ ისტორიული შენობა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს სლოვაკეთის რესპუბლიკის კოშიცეს წმინდა ურბანის სახელობის სამრეკლო კოშკზე საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება გამოჩნდა; ქალაქ ერევანში ბილბორდები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. გარდა ამისა, 26 მაისს ისრაელში საქართველოს დროშის ფერებში განათდა იერუსალიმის ცენტრი და YMCA კომპლექსი, ბრაზილიაში – სან პაულოს შტატის მრეწველობის ფედერაცია. იტალიაში, ბარის მერიის შენობაზე გამოიფინა საქართველოს დროშა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აზერბაიჯანში, ბაქოში საქართველოს დროშის ფერებით განათდა „ჰეიდარ ალიევის ცენტრი“. თურქმენეთში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით, 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებით განათდა აშხაბადში მდებარე სასტუმრო „ილდიზი“.