საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გიორგი მარგველაშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან ერთად საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მიიღებს.
პრეზიდენტი დღეს ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პოლონეთის, სლოვაკეთის, ფინეთის პრეზიდენტებთან და რუმინეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან.
20-მდე უმაღლესი დონის დელეგაციის ლიდერებისა და პრეზიდენტებისთვის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართება, სადაც საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელები, სიმბოლურად, ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საპატიო სტუმრები თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ქართველ ხალხს მიმართავენ და დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავენ.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი, სტუმრებთან ერთად, მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას – “თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია”.
26 მაისს, განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო დელეგაციებთან ერთად, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირებას დაესწრება. საღამოს კი, უმაღლესი რანგის სტუმრები, პრეზიდენტის სახელით სტუმრების პატივსაცემად ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში , ნინო ანანიაშვილის, “სუხიშვილებისა” და “ბასიანის” მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრებიან.