დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება, ტრადიციულად, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს 247 რეკრურტი დადებს და დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრი გახდება. თბილისის პარალელურად ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხუთ ლოკაციაზე გაიმართება: სვანეთში – უშბას და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში – პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში – ფარავნის ტბასთან, კახეთში – ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და წმინდა ქალაქ მცხეთაში.
სამხედრო ფიცის დადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს სალომე ზურაბიშვილს მოხსენებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ჩააბარებს. თავისუფლების მოედანზე კოლოფებად წარმოდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობებისა და სამხედრო სასწავლებლების ქვედანაყოფები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების არმიისა და საზღვაო ქვეითთა ინსტრუქტორების კოლოფი.
მოწვეული სტუმრები კი, განსაკუთრებით მიესალმებიან იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც სულ ახლახან დაასრულეს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში და სამშობლოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ.
ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა თავისუფლების მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყება, რომელსაც ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამსახურეები შემოიტანენ.
ნატო მეტონიძე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდთან ერთად შეასრულებს, რის შემდეგაც ყველა წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.
სამხედრო ფიცის დადების შემდეგ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მიულოცავენ და სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა.
წლევანდელ 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებში ახლადგაწევრიანებული სამხედროები სიახლით შეხვდებიან – პირველად ფიცის დადების შემდეგ ისინი ერთხმად წარმოთქვამენ ჯარისკაცის მრწამსს. ღონისძიების დასასრულს ანსამბლების „რუსთავისა“ და „ბასიანის“ მიერ „ჩაკრულოს“ შესრულების ფონზე თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების კუთვნილი ახლადმოდერნიზებული სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადაიფრენენ და საქართველოს დროშის ფერებში ბოლის გაშვებით მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ.
სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადაიფრენენ ასევე, ქუთაისისა და ბათუმის ცაზე და მოსახლეობას ეროვნულ დღესასწაულს აქაც საქართველოს დროშის -წითელ და თეთრ ფერებში ბოლის გაშვებით მიულოცავენ. სუ-25 ტიპის მოდერნიზებულ საბრძოლო თვითმფრინავებს კაპიტალური რემონტი სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენისა და სსსტც „დელტა“-ს ერთობლივი თანამშრომლობით ჩაუტარდა. საფრენი საშუალებების რემონტი თავდაცვის სამინისტროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა.
თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანმანქანები – „დიდგორი მეომარი“, „დიდგორი მედევაკი“ „დიდგორი 3“, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, მისივე გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გასულ შემოდგომაზე გადანაწილდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა.
თავისუფლების მოედანზე ასევე, იქნება გამოფენილი ქართულ შეიარაღებაში არსებული უცხოეთში წარმოებული სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორები – „ჰამერი“, MaxPro, „ვულფი“ და საარტილერიო დანადგარები – „დანა“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ლარ–160“, ჰაერსაწინააღმდეგო მანქანა „ატლასი“, ჯავშანმანქანები.