საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება, – ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.
„აღსანიშნავია, რომ კანადაში უკვე მესამედ, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნიაგარის ჩანჩქერზე გამოჩნდება საქართველოს დროშის გამოსახულება. ასევე, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ცენტრალური ხიდები, კაუნასში – ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი, ავსტრალიაში კი – ავსტრალიის ეროვნული კარილიონის შენობა. 26 მაისის აღსანიშნავად არგენტინაში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობა განათდება საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით. ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC-ის შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებით, საუდის არაბეთში ცნობილი შენობა – Kingdom Tower-ი, თურქეთში კი – იზმირის მთავარი სიმბოლო – საათის კოშკი.
აზერბაიჯანში 26 მაისის აღსანიშნავად განათდება „ჰეიდარ ალიევის ცენტრი“, კვიპროსში კი – ნიქოზიის ცენტრალური მოედანი. ასევე, განათდება კორეის რესპუბლიკაში სეულის მერიის შენობა, სომხეთში კი საქართველოს დროშა გამოიხატება დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე. ირლანდიაში, ქალაქის მთავარ მოედანზე გამოიფინება საქართველოს დროშები და დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett-ის ხიდი განათდება საქართველოს დროშის ფერებით. 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთში კულტურის ეროვნული სასახლე საქართველოს დროშის ფერებში განათდება, საბერძნეთში – ათენის ცენტრალური შადრევანი. სლოვაკეთში განათდება კოშიცეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი შენობა და საქართველოს საელჩოს ისტორიული ფასადი, ინდონეზიაში კი – ეროვნული მონუმენტი და შადრევანი. ბარსელონაში ქალაქის მთავარი შადრევანი განათდება საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით, თესალონიკში კი – მერიის შენობა.
ამასთან, ნიუ იორკში გაიმართება საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია, სან ფრანცისკოში ქართული დროშა აღიმართება მერიის შენობაზე, ხოლო იტალიაში, ბარიში ქართული დროშა გამოიფინება მერიის შენობაზე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ტრადიციულად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების – Manneken-Pis-ის ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება. ასევე, ნიდერლანდებში, ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება ქართული მელოდიები. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც. აშშ-ში, 26 მაისთან დაკავშირებით კონგრესის ბიბლიოთეკაში იგეგმება ქართველი მხატვრის, ქეთევან პაიჭაძის გამოფენის მოწყობა, ასევე ვაშინგტონის ლუთერანულ ეკლესიაში გაიმართება საჯარო ლექცია საქართველოს შესახებ. აზერბაიჯანში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ლანდშაფტების, ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ახალი არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე, საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის ფარგლებში გამოცემული საფოსტო მარკა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება იაპონიაშიც, სადაც მოეწყობა საქართველოს კულტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული გამოფენა, ასევე მოეწყობა ქართული ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ცეკვები, ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა, ქართული ენისა და ანბანის ამსახველი ფოტოები, რუმინეთში კი მოეწყობა ფიროსმანის სურათების ფოტოგამოფენა. შვეიცარიაში, ბერნში 26 მაისის აღსანიშნავად გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი ქართველი და შვეიცარიელი მუსიკოსების მონაწილეობით, ამასთან მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. ავსტრიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვენის დიპლომატიურ აკადემიაში გაიმართება საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია, ხოლო უნგრეთში გაიმართება საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია. ეროვნული დღის აღსანიშნავად ბრაზილიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოხდება საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით საფოსტო მარკის პრეზენტაცია. კუბაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოეწყობა ფოტოგამოფენა, დოკუმენტური ფილმის, „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ჩვენება, ასევე ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ცეკვის, მუსიკალური ფოლკლორის, ბუნების ამსახველი კლიპები.
ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ღონისძიებები ასევე მოეწყობა გერმანიაში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ვატიკანში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ესტონეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში, პოლონეთში, ლატვიაში, სლოვენიაში, მოლდოვაში, სერბეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, ეგვიპტეში, კატარში, ისრაელში, იორდანიაში, ირანში, არგენტინაში, მექსიკაში, მალაიზიაში, ჩინეთში, ინდოეთში, ეთიოპიაში, თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ჟენევაში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უცხოურ გამოცემებში დაიბეჭდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კორეის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში, თურქეთში, სლოვაკეთში, იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების ინტერვიუები“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.