საქართველოს და სომხეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამცხე-ჯავახეთში შეხვედრები გამართეს
საქართველოს და სომხეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამცხე-ჯავახეთში შეხვედრები გამართეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გია ვოლსკიმ სომეხ კოლეგას, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს, სომხეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, რუბენ რუბინიანს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უმასპინძლა.

საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ, რომელსაც საქართველოს მხრიდან თენგიზ შარმანაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და სამველ მანუკიანი წარმოადგენდნენ, სომეხ კოლეგებთან ერთად ახალქალაქში სურბ ხაჩ ეკლესია და ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის ტაძარი მოინახულეს. ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სტუმრებს ეპარქიის მუზეუმი დაათვალიერებინა და მისი შექმნის ისტორია გააცნო.

სამცხე-ჯავახეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მეგობრობის ჯგუფის წევრები ახალციხეში ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც საქართველო-სომხეთის არსებული თანამშრომლობის მიმართულებებსა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ახალციხეში, საქართველოს და სომხეთის პარლამენტის წევრების მონაწილეობით, საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართა. ასევე, შევხვდით რეგიონის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს. ვფიქრობ, რომ საგანგებოდ ხაზი უნდა გავუსვათ ერთ გარემოებას – ეს არის როგორც ქართული მხარის სომხეთის სტაბილურობაში დაინტერესება, ასევე სომხეთის სიღრმისეული დაინტერესება და პრაგმატული მიდგომა იმ სტაბილურობისადმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შენარჩუნებული აქვს ამ ურთულეს ვითარებაში. მეზობლებმა ერთმანეთის პრობლემები კარგად უნდა იცოდნენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთის და აზერბაიჯანის პრობლემის მოგვარებას, რომელიც ძალიან ახლოს არის საბოლოო გადაწყვეტასთან. შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი მიმოვიხილეთ, მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობაზე და იმ მიმართულებებზე, რომლებიც ორმხრივ ინტერესებს წარმოადგენს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის და საკრებულოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებებზე ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვით. მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა რეგიონში სომეხი ეროვნების მოსახლეობას შესაბამის ყურადღებას აქცევს, ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას ყველა წამოწყებულ საქმეში“, – განაცხადა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამართულ შეხვედრებს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში, გიორგი შარვაშიძე და სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აშოტ სმბატიანი დაესწრნენ.

„საქართველოს და სომხეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში საინტერესო შეხვედრები გავმართეთ, სადაც რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები მიმოვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს მოსახლეობას სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ გაძლიერების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ავრცელებს.