საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა
„ახალი თბილისის“ დარბაზში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა.
57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს ოთარ გოგავა (ხონი) და თეიმურაზ ვანიშვილი (გორი) დაუპირისპირდნენ. დაძაბული ბრძოლა საბოლოოდ უფრო გამოცდილი გოგავას გამარჯვებით – 4:3 დასრულდა.
პირველობა 65 კილოგრამშიც არავის დაუთმო ლადო ხინჩეგაშვილმა (გორი). მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ფინალში აშკარა უპირატესობით მოგამედ საიდოვი (ყვარელი) დაამარცხა. აღსანიშნავია , რომ ეს ლადოსთვის მეოთხე წონითი კატეგორიაა, რომელშიც უძლიერესის ტიტული მოიპოვა.
აქამდე ხინჩეგაშვილი 55; 57 და 61 კილოგრამებშიც გაჩემპიონდა, 65 კილოგრამში კი დებიუტი სწორედ საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე ჰქონდა.
აშკარა უპირატესობით დასრულდა 74 კილოგრემი წონითი კატეგორიის ფონალიც, სადაც ავთანდილ კენჭაძემ (ამბროლაური) ზურაბ ერბოწონაშვილტან ათქულიანი უპირატესობა შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მოიპოვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა.
გამოცდილი სპორტსმენები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს 86 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში. სანდრო ამინაშვილისა (გარდაბანი) და დავით ხუციშვილის (გარდაბანი) შეხვედრაში ორივე სპორტსმენმა თითო ქულა მოიპოვა, თუმცა მომგებიანი ამინაშვილის ქულა გამოდგა და შედეგად სანდრომ 2015 წელს მოპოვებული ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.
დღის ბოლო ფინალი 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში შედგა, სადაც ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი) ზვიად მეტრეველს ( ონი ) შეხვდა და 6:0 დაამრცხა.
დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის (61; 70; 79; 92 და 125) ფინალური შეხვედრები 26 დეკემბერს 14:00 დაიწყება.
ფოტო: თამარ ყულუმბეგაშვილი