საქართველოს ჩემპიონატი ტაეკვანდოში - ნაკრებს კორეელი სპეციალისტი დაეხმარება
დიღომში მდებარე ფრენბურთის არენა ტაეკვანდოში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს მასპინძლობს. ტაეკვანდო ოლიმპიური სახეობა გახდა და ამის გამო მის მიმართ ინტერესი საქართველოშიც გაზრდილია.
ტურნირი A და B კატეგორიაში ტარდება. B კატეგორიაში დამწყები სპორტსმენები მონაწილეობენ, ხოლო A კატეგორიაში – შავი ქამრის მფლობელები. საქართველოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, საუკეთესოებიდან ეროვნული ნაკრების კანდიდატებს შეარჩევენ, რომლებიც ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად დაიწყებენ მზადებას.
საქართველოს ჩემპიონატს ესწრება მეექვსე დანის მფლობელი კორეელი დუხვი ლი, რომელიც საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციისა და მის პრეზიდენტის, სულხან ბაბუაძის ძალისხმევით ჩამოვიდა. ცნობილი კორეელი სპეციალისტი საქართველოში მინიმუმ სამი წელი დარჩება და ქართველ სპორტსმენებს დონის ამაღლებაში დაეხმარება.
დუხვი ლი იყო სხვადსხვა ქვეყნების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. გარდა სამწვრთნელო მოღვაწეობისა, მას აქვს საერთაშორისო არბიტრის კვალიფიკაციაც. 2017 წელს, მუჯუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ის წარმოდგენილი იყო როგორც არბიტრი. დუხვი ლის ასევე აქვს კვალიფიკაცია პუმსაში და კიურუგშიც. კორეელი სპეციალისტის საქართველოში დარჩენის ხარჯებს, KUKKIWON-ი დაფარავს.
„საქართველოში ტაეკვონდოს მმართველმა ორგანიზაციამ, კუკივონმა გამომგზავნა – ჩემი ამოცანაა, რომ საქართველოში ტაეკვონდოს განვითარებისთვის ვიმუშაო. იმედია, რომ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართება, ჩვენი სპორტსმენები მედლებს და 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებს მოიპოვებენ. საქართველოში ბევრი პერსპექტიული სპორტსმენი აღმოვაჩინე და ეს ფაქტი ძალიან მაიმედებს,“ – ამბობს პირველ არხთან დუხვი ლი.