საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო სიმპოზიუმზე სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო სიმპოზიუმზე ერთდროულად სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.
ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (#ICPS) მიერ ორგანიზებულ მე-19 საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე ჯილდოები ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სამ ნომინაციაში გადაეცა: „წლის საუკეთესო საარჩევნო ადმინისტრაცია“, „არჩევნების მართვა“ და „კონფლიქტების მართვა არჩევნებში (ინკლუზიური საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა)“.
ორდღიანი სიმპოზიუმი დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. გიორგი კალანდარიშვილმა სიმპოზიუმის მონაწილეებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა გააცნო. სესიაზე, რომელიც არჩევნების მომავალსა და ელექტრონული ხმის მიცემას ეხებოდა, დეტალურად ისაუბრა ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე და იმაზე თუ რას აკეთებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოების ცერემონია, უკვე რამდენიმე წელია, საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით, საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია 2013 წლიდან არაერთი ჯილდოს მფლობელია.
ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.