საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის პრეზიდენტია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის პრეზიდენტია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) პრეზიდენტი გახდა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციას ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს. შესაბამისად, ასოციაციის 29-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2020 წელს საქართველოში გაიმართება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკო-ს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი ესწრებოდნენ.

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა ლუბლიანაში ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის 28-ე ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც კონფერენციის თემა „საარჩევნო უფლებების სამართლებრივი უზრუნველყოფა და არჩევნების გამჭვირვალობა“ იყო. გიორგი შარაბიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „საარჩევნო უფლებების სამართლებრივი უზრუნველყოფა და პრაქტიკული პერსპექტივები“. მან წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც ეხება საქართველოს ცესკოს გამოცდილებას საარჩევნო დავების გადაწყვეტისა და სასამართლოებთან ურთიერთობის საკითხებში.

კონფერენციას, რომელიც 24-26 სექტემბერს გაიმართა ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის წევრი ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO) დღეს 24 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციას აერთიანებს და მიზნად ისახავს ინსტიტუციონალიზმისა და პროფესიონალიზმის გაძლიერებით ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების განვითარებას საერთაშორისო დონეზე.

დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://aceeeo.org/en