საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ცვეტა კარაიანჩევა ეწვევა.

პარლამენტის ინფორმაციით, 10-12 ივნისს ვიზიტის ფარგლებში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ცვეტა კარაიანჩევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაძლიერებლად, სტრატეგიულ კოორდინაციას მიმართავენ. ასევე, დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეებს შორის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის, რეგულარულ შეხვედრებს ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის, თანამშრომლობის გაღრმავებას საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, აქტიურ კავშირს მეგობრობის ჯგუფებს შორის და თანამშრომლობას საპარლამენტო ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს აპარატის თანამშრომლებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

დაგეგმილია ცვეტა კარაიანჩევას შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან და პირველ ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ​

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.