საქართველოს ბიზნესასოციაციამ უკრაინის დასახმარებლად 100 000 ლარი გადარიცხა
საქართველოს ბიზნესასოციაციამ უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის ანგარიშზე 100 000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
„უკრაინისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მორალური, ასევე ფინანსური მხარდაჭერა; აქედან გამომდინარე, ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა გუნდმა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, გადაწყვიტა 100 000 ლარის ოდენობით ფულადი დონაცია განეხორციელებინა. ამ გზით ვეცადეთ, თანადგომა გამოგვეხატა ჩვენი უკრაინელი ძმებისა და მათი ოჯახებისადმი. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მთლიანად ბიზნესსექტორს და ყველა სხვა შემომწირველს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ მარათონში და მნიშვნელოვანი თანხა იქნა აკუმულირებული, რაც ვფიქრობთ, გარკვეულ წვლილს შეიტანს უკრაინის დახმარებაში. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაერთიანება საერთო იდეის გარშემო და მოხარულნი ვართ, როცა ვხედავთ ბიზნესის აქტიურობას.
აქვე, საქართველოს ბიზნესასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საომარი მოქმედებების, სარაკეტო და საჰაერო დაბომბვებისას დაღუპული მოქალაქეების გამო და ვიმედოვნებთ, რომ ომი, რომელიც ესოდენ ზარალსა და ტკივილს აყენებს მთელ მსოფლიოს, უკრაინასა და უდანაშაულო ადამიანებს, უმოკლეს დროში დასრულდება. ყოველი ჩვენგანის ვალია, ხმამაღლა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რათა უპირობოდ და დროულად შეჩერდეს საომარი მოქმედებები და უკრაინის მოქალაქეებისთვის შეიქმნას მშვიდობიანი, უსაფრთხო გარემო“, – ნათქვამია საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებაში.