„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ - მიზანშეწონილია, დაიშვას „ლილო მოლისა“ და მსგავსი სავაჭრო ობიექტების გახსნა, თუნდაც რამდენიმე დღით
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ბაზრობის ტიპის მსხვილი სავაჭრო ობიექტების გახსნა, მიუხედავად დაანონსებული გეგმისა, არ მოხდება.
როგორც „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ აცხადებენ, ასეთი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მტკივნეულია „ლილო მოლის“ ტიპის ბაზრობებისთვის, რომელთა საქმიანობაც უშუალოდაა დაკავშირებული ათასობით მცირე მეწარმის ყოველდღიურ შემოსავალთან.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ მოუწოდებს მთვრობას, გადაიხედოს მიღებული გადაწყვეტილება და „ლილო მოლსა“ და მსგავს სავაჭრო ობიექტებს რამდენიმე დღით მაინც მიეცეს გახსნის უფლება.
„24 დეკემბრიდან დაანონსებულმა გახსნამ ამ ადამიანებს გაუჩინა სრულიად ლეგიტიმური მოლოდინი, რომ წინასაახალწლო დღეებში მაინც შეძლებდნენ ეკონომიკურ აქტივობას. მათ ამისათვის შექმნეს მარაგები, დახარჯეს ფული და ახლა, ორი დღით ადრე, შეიტყვეს, რომ არ მიეცემათ ვაჭრობის უფლება.
პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ძირითადად საახალწლო პროდუქციას, რომელზეც მოთხოვნაც წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი კვირაა და თუ ეს ხალხი ამ მარაგების რეალიზაციას ახლა ვერ შეძლებს, პრაქტიკულად მთელი ერთი წლის განმავლობაში მოუწევთ ლოდინი შესყიდული პროდუქციის ამოსაყიდად, რაც სრულიად ლოგიკურად, ბევრისთვის შეიძლება გაკოტრების ტოლფასიც კი გახდეს.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავად „ლილო მოლის“ ადმინისტრაცია პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, მჭიდროდ თანამშრომლობდა შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოებთან და იცავდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნებისათვის.
საკითხის აქტუალობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მიზანშეწონილია გადაიხედოს მიღებული გადაწყვეტილება და დაშვებულ იქნას „ლილო მოლისა“ და მსგავსი წესით ორგანიზებული სავაჭრო ობიექტების გახსნა, თუნდაც რამდენიმე დღით და თუნდაც დამატებითი კონტროლისა და პრევენციის ზომების განხორციელების პირობით”, – აცხადებენ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“.