საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია და არც საგარეო შოკი გვაქვს, შესაბამისად, ახლა ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და სავარაუდოდ, მისი გამყარების საფუძვლები არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.
ბიზნესასოციაცია მიიჩნევს, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებს სავალუტო კურსის იმ დინამიკას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში შიდა სავალუტო ბაზარზე.
„ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ფისკალური დისციპლინის ჩათვლით, არის ჯანსაღი. მიუხედავად ამისა, ლარის კურსის ის ნიშნული, რაც დღეს გვაქვს, არანაირად არ ასახავს, სინამდვილეში, არსებულ მაკროეკონომიკურ სიჯანსაღეს. გარდა ამისა, ვფიქრობთ, ობიექტურია ითქვას, რომ საგარეო შოკი დღეს სახეზე არ გვაქვს. ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გამყარებულია ეროვნული ვალუტა. ამავე პერიოდში კი ჩვენთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.68 ნიშნულიდან თითქმის 3.0 ლარის ნიშნულამდე დაეცა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ლარის კურსი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი. ლარის დევალვაციით უაღრესად დაზარალდა როგორც ბიზნესი, ასევე მთლიანად საქართველოს მოსახლეობა“, – აცხადებს ბიზნეს ასოციაცია.
ბიზნესგაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა კურსი პროგნოზირებადი გახდეს.
„აუცილებელია, ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა ლარის გაცვლითი კურსი გახდეს პროგნოზირებადი და განჭვრეტადი. ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და სავარაუდოდ, არსებობს მისი გამყარების საფუძვლები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიიჩნევს, რომ გადასახედია, როგორც ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და ასევე გასაანალიზებელია, არსებულ პირობებში რამდენად მიზანშეწონილია ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებად ინფლაციის მაჩვენებლის თარგეთირება.