საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - ლარის კურსის პოზიტიური დინამიკა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს როგორც საწვავის ბაზარზე, ისე მთლიანად ეკონომიკაზე
ლარის კურსის პოზიტიური დინამიკა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს როგორც საწვავის ბაზარზე, ისე მთლიანად ეკონომიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსის გარშემო უკანასკნელი დღეების დინამიკა ქვეყნის ნავთობსექტორისთვის ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის.
„ყველასათვის ცნობილია, რომ საწვავის ფასს განაპირობებს საერთაშორისო ბაზრის ფასისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ერთობლიობა. ლარის გამყარების დინამიკა საშუალებას მისცემს სანავთობო ინდუსტრიის ძირითად მოთამაშეებს, შეინარჩუნონ საწვავის სარეალიზაციო ფასი არსებულ ნიშნულზე. ეს კი ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს – ერთის მხრივ, საზოგადოების მოლოდინი, რომ არ გაძვირდეს საწვავი, ხოლო, მეორეს მხრივ, ნავთობკომპანიების სურვილი – საწვავის ფასი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი თითოეული მომხმარებლისათვის“, – აცხადებენ ასოციაციაში.
ამასთან, ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა შავლეგ მიშველაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება და შენარჩუნდება.
„ეს ბიზნესის ყველა სფეროში განამტკიცებს სტაბილურობის განცდას და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე”, – აღნიშნა შავლეგ მიშველაძემ.