საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრობაზე მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე იმსჯელეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი ბიზნეს ასოციაციისთვის აფილირებული წევრის სტატუსის მინიჭებას.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას 500-ზე მეტი აფილირებული წევრი ჰყავს. აღნიშნული პლატფორმა ხელს უწყობს თემატურ საკითხებზე პირდაპირი დიალოგის წარმოებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, აქტიური კომუნიკაციის ხელშეწყობას წევრებს შორის და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ამ გზით ასევე ხდება კერძო-საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს აფილირებული წევრებისა და წევრი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობასა და კომუნიკაციას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ მსგავსს ორგანიზაციებში ასოციაციის გაწევრიანება მნიშვნელოვანია, როგორც ასოციაციის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, ასევე წევრი კომპანიების ინტერესების მხარდასაჭერად.

„ჩვენთვის დიდი პატივია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრობა. მოხარულნი ვართ, რომ გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრობას. აღნიშნული პლატფორმა, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი წევრი კომპანიების მხარდაჭერისთვის, ახალი და საინტერესო საერთაშორისო პროექტების განხორციელების კუთხით. ტურიზმის სექტორი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი წევრი კომპანიები შეძლებენ ამ პლატფორმის ეფექტიანად გამოყენებას“, – ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის შეხვედრები გაიმართა ესპანეთში ასოციაციის ოფიციალური ვიზიტის დროს.