„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ - აზერბაიჯანისა და საქართველოს ბიზნესწრეების თანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და სამაგალითოა
აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ კამპანიის აგორების მცდელობები მხოლოდ ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება, – ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული.
ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ბიზნესწრეების თანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და სამაგალითოა.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნესგაერთიანება, რომელიც ქართულ ბაზარზე მომუშავე სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ბოლო დროს საინფორმაციო სივრცეში და სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ კამპანიის აგორების მცდელობას ეხმაურება.
მსგავსი მცდელობები მხოლოდ ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება და დააზიანებს მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობის შემდგომ განვითარებას. ეს კი, თავის მხრივ, როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ბიზნესკომპანიების გლობალური კონკურენტუნარიანობისა და ქვეყნების მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.
ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებელი ისტორიის განმავლობაში, აზერბაიჯანისა და საქართველოს ბიზნესწრეების თანამშრომლობა, ისევე, როგორც ამ ორი ერის მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრება, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და სამაგალითოა.
მოხარული ვართ, რომ ჩვენი საზოგადოება ამჯერადაც არ აჰყვა ჩვენი ქვეყნების არაკეთილმოსურნეთა მცდელობას და ღრმად გვწამს, რომ არც მომავალში ექნება მსგავს მცდელობებს წარმატების შანსი“, – ნათქვამია „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.