საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - აპრილის დასაწყისიდან საწვავზე ფასების კლება 70-80 თეთრს შეადგენს, ფასის ფორმირებაზე ლარის გამყარებამაც დადებითი გავლენა მოახდინა
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების კლებამ შესაბამისი ასახვა ჰპოვა საქართველოში ავტოგასამართ სადგურებზე რეალიზებულ ნავთობპროდუქტების ფასებზე, – ამის შესახებ საქარველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ბოლო დღეებში დაწყებულმა ლარის გამყარების ტენდენციამ კიდევ უფრო დადებითი ზეგავლენა მოახდინა სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასების ფორმირებაზე.
„აპრილის თვის დასაწყისიდან ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასების კლება თანმიმდევრულად მიმდინარეობდა და კლების ამპლიტუდა დაახლოებით 70-80 თეთრს შეადგენს. ამასთან, მსხვილი ბრენდული კომპანიების მომხმარებლებს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, საშუალება აქვთ ისარგებლონ ფასდაკლების სხვადასხვა სისტემით, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელი ერთ ლიტრ საწვავზე დამატებით 15-25 თეთრის ფასდაკლებას იღებს“, – აცხადებენ ასოციაციაში.
ამასთან, როგორც ბიზნეს ასოციაციაში ვარაუდობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი კვირაა, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების მატება შეინიშნება, არსებული საერთაშორისო საბაზრო კონიუქტურისა და ლარის კურსის შემდგომი გამყარებისა და სტაბილურობის შემთხვევაში, საქართველოს ავტოგასამართ სადგურებზე ფასები დღევანდელ დღეს ჩამოყალიბებული ნიშნულების ირგვლივ შენარჩუნდება.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდში საწვავის ფასების კლებით გამოწვეული ვითარება დადებითად აისახება მთელ რიგ ინდუსტრიებზე.