შობის დღესასწაულს აღნიშნავენ ქრისტეს მაცხოვრის ბაპტისტურ ეკლესიაში. საზეიმო მსახურება 12:00 საათზე დაიწყო. ღვთისმშობლის საზეიმო მსახურება ეკლესიის უხუცესმა წინამძღვარმა, ლევან ახალმოსულიშვილმა მათეს სახარების კითხვით დაიწყო. მან შეკრებილებს სახარებიდან ქრისტეს შობის ნაწილი წაუკითხა და დღევანდელი დღე მიულოცა.
პანდემიიდან გამომდინარე მსახურება რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართა. ასევე, მიმდინარეობდა მსახურების ონლაინ ტრანსლირება ეკლესიის იმ წევრებისთვის, რომლებმაც მისვლა ვერ მოახერხა.
„დღეს 25 დეკემბერია და ბაპტისტური ეკლესიები ზეიმობენ ქრისტეს შობას. არსებული პანდემიიდან გამომდინარე ჩვენ ღამისთევის მსახურება ვერ ჩავატარეთ, გავითვალისწინეთ გაცემული რეკომენდაციები. კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს ქრისტეშობას. მეც ვუერთდები ანგელოზთა იმ საზეიმო სიტყვებს, რომლებიც ასეთ რამეს აუწყებდნენ მწყემსებს, – დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანასა და კაცთა შორის სათნოება. სწორედ იესოს შობამ კაცობრიობას ეს მოუტანა, სწორედ ეს უნდა გვიხაროდეს ჩვენც“, – აღნიშნა საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის პრეზიდენტმა, ეპისკოპოსმა გია კანდელაკმა.
ქრისტე მაცხოვრის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესია 2017 წელს, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიის 150 წლისთავზე გაიხსნა. ამ დროისთვის კავშირი 40-მდე ეკლესიასა და 800-მდე წევრს აერთიანებს.