„საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროცესზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. დაცვის მხარე კი, 100 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის სამმართველოს პროკურორ ლევან თოფურიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას მიმართ გამოყენებულ იქნას პატიმრობა“, – განაცხადა მოსამართლემ.
როგორც დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, ტერორისტული აქტის განზრახვა არ ჰქონია.
„არასოდეს გამივლია გულში, რამე ტერორისტული აქტი ჩამედინა. უბრალოდ ჩავიდინე დანაშაული, ოღონდ ტერორისტული აქტის განზრახვა არ მქონია“, – განაცხადა გრიგოლ ნარსიამ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გრიგოლ ნარსია ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.
პროკურატურამ გრიგოლ ნარსიას ბრალდება დღეს წარუდგინა.