„საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს-მ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული დ.შ., ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.შ., რომელიც გადაჭრილი ორლულიანი თოფით იყო შეიარაღებული, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ,,საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხა. იგი ბანკიდან ფულის გატაცებას აპირებდა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
სამართალდამცველებმა, რომლებიც ,,საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე განაიარაღეს და დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გადაჭრილი ორლულიანი თოფი, ნიღაბი და ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.